Reuters: აშშ-მა და უკრაინამ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევის შესაძლებლობა განიხილეს
უკრაინასა და რუსეთს შორის ომის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებების დროს განიხილეს მარტში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის და მაისში უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ინფორმაციას Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, შესაძლოა, შეთანხმების მიღწევის ვადამ გადაიწიოს, რადგან ტერიტორიის საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული.
გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
სამი წყაროს ცნობით, აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფმა აბუ-დაბიში და მაიამიში ბოლო შეხვედრების დროს უკრაინელ კოლეგებს განუცხადა, რომ სასურველი იქნებოდა ასეთი კენჭისყრის რაც შეიძლება მალე ჩატარება.
Reuters-ის წყაროების ცნობით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ კონგრესის ნოემბრის შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ტრამპი, სავარაუდოდ, უფრო მეტად შიდა საქმეებზე ფოკუსირდება, ეს ნიშნავს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს ნაკლები დრო და პოლიტიკური კაპიტალი ექნებათ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
ამასთან, წყაროების თქმით, აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს შესაძლებლობა, რომ ეროვნული არჩევნები და რეფერენდუმი მაისში ჩატარდეს, თუმცა, მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა რამდენიმე წყარომ ეს ვადა წარმოუდგენლად შეაფასა.
უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელი პირობების გათვალისწინებით, არჩევნების ორგანიზებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება.
„ამერიკელები ჩქარობენ“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
არჩევნების ჩატარებას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება, რადგან უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს ხმის მიცემა აკრძალულია.
ამასთან, ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ რუსეთი არ დაეთანხმა აშშ-ის წინადადებას, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი გააკონტროლებდა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უკრაინა რეფერენდუმის მთლიანობის დასაცავად მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.