Reuters: აშშ-ის დაზვერვის ცნობით, ირანზე თავდასხმებმა თეირანის ბირთვული პროგრამა არ შეანელა
აშშ-ის დაზვერვამ განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ბოლოდროინდელმა დარტყმებმა ირანის ბირთვულ პროგრამას გადამწყვეტი დარტყმა არ მიაყენა და ბირთვული იარაღის შემუშავების ვადები ფაქტობრივად უცვლელი დარჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული კონფლიქტი თეირანის ბირთვული ამბიციების შეჩერებას ისახავდა მიზნად. სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება: ირანმა დაკეტა მოძრაობა ჰორმუზის სრუტეში, რითაც დაბლოკა მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით 20% და გლობალური ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.
აშშ-სა და ისრაელის თავდასხმები, რომლებიც 28 თებერვალს დაიწყო, ძირითადად სამხედრო სამიზნეებს ისახავდა მიზნად. ამავდროულად, ისრაელმა ცალკე დარტყმები განახორციელა ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე.
ივნისში აშშ-მა დარტყმები განახორციელა ბირთვულ ობიექტებზე - ნათენზე, ფორდოსა და ისპაჰანსე, შედეგად, ურანის გამდიდრების სამი ქარხანა განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა. ამის მიუხედავად, დაზვერვა მიიჩნევს, რომ ირანი კვლავ ინარჩუნებს ძირითად ბირთვულ მასალებს.
მედიის ცნობით, საერთაშორისო ინსპექტორებმა ვერ შეძლეს დაახლოებით 440 კგ 60%-ით გამდიდრებული ურანის პოვნა, რომლის ნაწილი, სავარაუდოდ, მიწისქვეშა გვირაბებშია დამალული.
საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს შეფასებით, ეს მარაგი საკმარისია შემდგომი გამდიდრების შემდეგ 10-მდე ბირთვული ბომბის შესაქმნელად.
გასული წლის ივნისში, 12-დღიანი ომის დაწყებამდე, აშშ-ს დაზვერვის უწყებებში მიაჩნდათ, რომ ირანს შეეძლო ეწარმოებინა ბირთვული ბომბისთვის საჭირო ხარისხის ურანი და აეგო ბომბი დაახლოებით 3-დან 6 თვემდე პერიოდში. ნათენზის, ფორდოსა და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ კი, ამ ვადებმა 9-დან 12 თვემდე გადაიწია.
წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია, ასევე, განიხილავს სახმელეთო რეიდების განხორციელების ვარიანტსაც გამდიდრებული ურანის მარაგების გამოსატანად.
ირანი უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის რაიმე განზრახვას. აშშ-ის და საერთაშორისო დაზვერვის მონაცემებით, ქობინების პროგრამა 2003 წელს შეჩერდა, თუმცა მისი ფარული შემუშავების შესახებ ეჭვები კვლავ არსებობს.