Loading data...
Reuters: აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ ირანი არ დათანხმდება ჰორმუზის სრუტის უახლოეს მომავალში გახსნას

ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანი დათანხმდეს ჰორმუზის სრუტის გახსნას, რადგან ეს მის უძლიერეს „კოზირად“ რჩება არსებულ ვითარებაში, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის დაზვერვის ბოლოდროინდელი ანგარიშები მიუთითებს, რომ ირანი, სავარაუდოდ, არ დათანხმდება ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის თავისუფალი გადასასვლელის გახსნას, რადგან ნავთობის ექსპორტის ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან „არტერიაზე“ კონტროლი მის ერთადერთ რეალურ კოზირს წარმოადგენს აშშ-სთან მოლაპარაკებებში.

დაზვერვის ანალიტიკოსები, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიიჩნევენ, რომ თეირანი გააგრძელებს სრუტის ბლოკირებას, ამიტომ მსოფლიოში ენერგორესურსების მაღალი ფასების შენარჩუნება შეერთებულ შტატებზე ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა და პრეზიდენტი ტრამპი იძულებული გახდება, სწრაფად შეწყვიტოს ირანის წინააღმდეგ კამპანია.

ამერიკული დაზვერვა აგრეთვე ვარაუდობს, რომ ომი, რომლის მიზანი იყო ირანის სამხედრო სიძლიერის განადგურება, სინამდვილეში თეირანის რეგიონულ გავლენას გააძლიერებს, რადგან მას საკვანძო საზღვაო მარშრუტის კონტროლი შეუძლია.

„ამ შემთხვევაში, ნათლად ჩანს, რომ ირანმა ახლა „იგრძნო ძალაუფლების გემო“ და სრუტეზე კონტროლი, ამიტომ ის მალე არ დათანხმდება ამაზე უარის თქმას“, - აცხადებს ერთ-ერთი თანამოსაუბრე.