Loading data...
Reuters: აშშ გეგმავს, რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ვადა კვლავ გაახანგრძლივოს

აშშ-ის ადმინისტრაცია გეგმავს, გაახანგრძლივოს რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება, რომლის ვადაც 16 მაისს ამოიწურა. ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა მხოლოდ ორი დღის შემდეგ, რაც ვაშინგტონმა განაახლა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები შეღავათების გაგრძელების გარეშე.

წყაროების ცნობით, აშშ-მა გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც რამდენიმე ქვეყანამ რუსეთიდან ნავთობის შესაძენად მეტი დრო ითხოვა. როგორც Reuters-ი იუწყება, შეზღუდვების შემსუბუქება ძალაში კიდევ 30 დღე დარჩება. წყარომ უარი თქვა იმ ქვეყნების დასახელებაზე, რომლებიც გახანგრძლივებას ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები შეამსუბუქა. შეღავათი პირველად მარტში გაიცა, რათა შემსუბუქებულიყო ნავთობის მიწოდების დეფიციტი და დარეგულირებულიყო ფასების ზრდა, რაც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გამოიწვია.

ამ გამონაკლისებმა დავა გამოიწვია, განსაკუთრებით ევროპელ მოკავშირეებს შორის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სანქციები აუცილებელია რუსეთისთვის ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლების ჩამორთმევისა და მოსკოვის მიერ უკრაინაში ომის დაფინანსების შეჩერების მიზნით.