Reuters: აშშ და მისი მოკავშირეები გაეროში ირანის ბირთვული პროგრამის გამო რუსეთსა და ჩინეთს დაუპირისპირდნენ
„როიტერის“ ცნობით, შეერთებული შტატები და დასავლელი მოკავშირეები რუსეთსა და ჩინეთს დაუპირისპირდნენ ირანის ბირთვული ამბიციების გამო, რადგან ვაშინგტონი გაეროში ცდილობდა ორი კვირის წინ ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამართლებას.
კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც აშშ ამ თვეში თავმჯდომარეობს, რუსეთმა და ჩინეთმა უშედეგოდ სცადეს ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების ზედამხედველობისა და აღსრულების კომიტეტის შექმნის საკითხის განხილვის დაბლოკვა.
საბჭოს წინაშე გამოსვლისას, გაეროში აშშ-ის ელჩმა მაიკლ უოლცმა, მოსკოვი და პეკინი დაადანაშაულა თეირანის დაცვის მცდელობაში.
„გაეროს ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა დააწესოს ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგო, აკრძალოს სარაკეტო ტექნოლოგიების გადაცემა, ვაჭრობა და გაყინოს შესაბამისი ფინანსური აქტივები. გაეროს დებულებები, რომლებიც ხელახლა დაწესდა, არ არის თვითნებური, არამედ აქვს ვიწრო მასშტაბი, რათა გაუმკლავდეს ირანის ბირთვული, სარაკეტო და ჩვეულებრივი იარაღის პროგრამებით გამოწვეულ საფრთხეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
უოლცის თქმით, ჩინეთსა და რუსეთს არ სურთ სანქციების კომიტეტის შექმნა, რადგან „მათ სურთ დაიცვან თავიანთი პარტნიორი, ირანი და განაგრძონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მხარდაჭერა, რომელიც ახლა კვლავ აკრძალულია“.
ელჩმა დასძინა, რომ გასულ კვირას გაეროს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც არ აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ აწარმოებს და აგროვებს 60%-მდე გამდიდრებულ ურანს და ასევე უარს ამბობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის ამ მარაგებზე წვდომის უზრუნველყოფაზე.
ამავდროულად, გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ აშშ და მისი მოკავშირეები დაადანაშაულა „ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების სავარაუდო გეგმების ირგვლივ ისტერიის გაღვივებაში“, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშებით არასოდეს დადასტურებულა.
თავის მხრივ, ჩინეთის წარმომადგენელმა ფუ კონგმა განაცხადა, რომ ამერიკამ „მოლაპარაკებების პროცესში ირანის წინააღმდეგ ძალის აშკარა გამოყენებას მიმართა, რამაც დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგო გახადა“.
გაეროში ირანის ელჩმა ამირ საიდ ირავანიმ ჟურნალისტებს, ასევე, განუცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა „ყოველთვის მხოლოდ მშვიდობიანი იყო“ და თეირანი არ აღიარებს მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რაიმე მცდელობას.