Reuters: ალიევი და ფაშინიანი აშშ-ში ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებებს ანიჭებს

8 აგვისტოს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ხელი მოეწერება „ჩარჩო სამშვიდობო შეთანხმებას“, რომელიც შეერთებულ შტატებს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებებს ანიჭებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეერთებულ შტატებში ხელს მოაწერენ ჩარჩო შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს „მშვიდობისკენ მიმავალი კონკრეტული გზის“ მიღწევას.
Reuters-ის ცნობით, შეთანხმების ერთი ნაწილი სომხეთის გავლით სატრანსპორტო დერეფანს შეეხება, რომელიც აზერბაიჯანულ ანკლავს, ნახიჩევანს, აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დააკავშირებს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ სომხეთი დათანხმდება, შეერთებულ შტატებს მიენიჭოს ექსკლუზიური სპეციალური უფლებები სატრანზიტო დერეფნის განვითარებაზე, რომელსაც დაერქმევა ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (TRIPP).
თავად მარშრუტის ექსპლუატაცია სომხეთის კანონმდებლობის შესაბამისად იგეგმება, აშშ კი მიწას ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მართვისთვის კონსორციუმს ქვეიჯარით გადასცემს.
გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ხელს მოაწერენ დოკუმენტებს, რომლითაც ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლას მოითხოვენ. ჯგუფი ყარაბაღის კონფლიქტის შუამავლობის მიზნით 1992 წელს დაარსდა და მისი თანათავმჯდომარეები საფრანგეთი, რუსეთი და აშშ არიან.
მედიასაშუალებებმა ადრე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტრამპი ფაშინიანს და ალიევს თეთრ სახლში დაიბარებს, რათა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეძლოს ქვეყნებს შორის, რომლებიც წლებია, კონფლიქტში იმყოფებიან.
აზერბაიჯანი და სომხეთი 30 წელზე მეტი ხნის წინ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი 2020 და 2023 წლებში სამხედრო მოქმედებების გზით აღადგინა.