Reuters: ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა
აშშ-ის არმიის ელიტური 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ათასობით ჯარისკაცი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემამ პირველად 18 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში ათასობით დამატებითი ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების საკითხს განიხილავდა.
მედესანტეები ახლო აღმოსავლეთში უკვე მყოფ ათასობით ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს შეუერთდნენ. გასულ შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში დაახლოებით 2 500 საზღვაო ქვეითი ჩავიდა.
ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, თუ კონკრეტულად სად განლაგდებიან ჯარისკაცები.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანში ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ისინი რეგიონში პოტენციური სამომავლო ოპერაციებისთვის შესაძლებლობებს გაზრდიან.
როგორც მედია წერს, ჯარისკაცების გამოყენება ირანის ომში რამდენიმე მიზნით შეიძლება, მათ შორის ხარგის კუნძულის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის 90%-ის ცენტრია.