რესპუბლიკელმა ნენსი მეისმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც კაპიტოლიუმში ტრანსგენდერებს ქალების საპირფარეშოთი სარგებლობას უკრძალავს
მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში დელავერში აშშ-ის კონგრესში პირველად აირჩიეს ღია ტრანსგენდერი სარა მაკბრაიდი, რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ნენსი მეისმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მას კაპიტოლიუმში ქალების საპირფარეშოთი სარგებლობას უკრძალავს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელმა დეპუტატმა კანონპროექტი კონგრესში მაკბრაიდის ფიცის დადებამდე ორი თვით ადრე წარადგინა.
„სარა მაკბრაიდი ბიოლოგიურად კაცია. მისი ადგილი არ არის ქალთა სივრცეებში, ქალთა საპირფარეშოებში, გასახდელებში“, - განუცხადა მეისმა ჟურნალისტებს.
მაკბრაიდი აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა.
„ეს არის ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების აშკარა მცდელობა, ყურადღება გადაიტანონ იმ ფაქტისგან, რომ მათ არ აქვთ რეალური გადაწყვეტილებები იმ პრობლემების მიმართ, რომლებიც ამერიკელების წინაშე დგას. ჩვენ ორიენტირებულები უნდა ვიყოთ საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და ბავშვის მოვლის ხარჯების შემცირებაზე და არა კულტურულ ომების წარმოებაზე. დელავერელებმა გამომგზავნეს აქ, რათა ამერიკული ოცნება უფრო ხელმისაწვდომი გავხადო და სწორედ ამაზე ვარ ორიენტირებული”, - წერს მაკბრაიდი.
ლგბტქ+ თემის უფლებადამცველი ჯგუფის, ადამიანის უფლებათა კამპანიის თანახმად, ამჟამად 14 შტატში არსებობს კანონი, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს უკრძალავს სველი წერტილის გამოყენებას, რომელიც მათ გენდერულ იდენტობას შეესაბამება.
ადამიანის უფლებათა კამპანიის სპიკერის ლორელ პაუელის თქმით, არსებული ზომები ასევე ეხება ტრანსადამიანებს, რომლებიც კაპიტოლიუმში წლების განმავლობაში მუშაობდნენ.
„მოდით ამას ვუწოდოთ ის, რაც არის: იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოახდინონ ამერიკელებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, წარმომადგენელ მეისს სურს ყურადღების ცენტრში მოქცევა მისი მომავალი კოლეგის, პირველი ღიად ტრანსგენდერი პირის, რომელიც კონგრესში აირჩიეს, სასტიკი დისკრიმინაციის გზით“, - განაცხადა პაუელმა.