რესპუბლიკელები ბაიდენს მოუწოდებენ, რუსეთის სამიზნეებზე დარტყმებისთვის უკრაინას შეზღუდვები მოუხსნას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელების ჯგუფი თეთრ სახლს მოუწოდებს, რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის უკრაინის მხრიდან ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის, კერძოდ, ATACMS-ის რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვები მოხსნას. შესაბამისი განცხადება კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მიმართვას ხელს აწერენ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მაკკოლი, შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსი, დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი, საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ტომ კინი, პალატის ასიგნაციების თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე კენ კალვერტი და ჰელსინკის კომისიის წარმომადგენელი რიჩარდ ჰადსონი.
„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული უაზრო შეზღუდვები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღის დამტკიცებისა და მიწოდების გაჭიანურებასთან ერთად, ხელს უშლის უკრაინის შესაძლებლობას, ეს ომი გამარჯვებით დაასრულოს. უკვე დროა, ადმინისტრაციამ შეცვალოს კურსი და გააუქმოს ის შეზღუდვები, რომლებიც უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებით რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმებისთვის ჯერ კიდევ რჩება“, - განაცხადეს კონგრესის წევრებმა.
მათ აღნიშნეს, რომ სტატუს-კვოს პირობებში, რუსებს აქვთ „დაცული ზონა“, სადაც მათ შეუძლიათ, უსაფრთხოდ შეინახონ იარაღი და იქიდან უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმები განახორციელონ.
ხელმომწერები მიესალმებიან ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას საზღვრისპირა ნაწილში ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც ხარკოვის ოლქში მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის შეტევების ფონზე გადაწყდა. თუმცა კონგრესის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან გვიან მიიღეს და, თუ უკრაინას ეს შესაძლებლობა უფრო ადრე მიეცემოდა, ხარკოვის შეტევა შესაძლოა, საერთოდ არ მომხდარიყო, ეს კი კიევს საშუალებას მისცემდა, დიდი ძალები აღმოსავლეთის ყველაზე რთულ მიმართულებებში შეენარჩუნებინა.
ამასთან, კონგრესის წევრებმა აღნიშნეს, რომ „ესკალაციის შიში“ უაზრო აღმოჩნდა, რაც რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციამ ცხადყო.
„ბოლოდროინდელი ცნობები იმის შესახებ, რომ რეალური მიზეზი, რის გამოც ადმინისტრაციას შეზღუდვების მოხსნა არ სურს, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის საფრთხის თავიდან აცილებაა. ეს ძალიან შემაშფოთებელია. ობამასა და პუტინის დროს გადატვირთვის წარუმატებლობამ 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრამდე აჩვენა, რომ პუტინი არ რეაგირებს სიმშვიდეზე. ეს კონფლიქტი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მკაცრი სანქციები და უკრაინის წარმატებები ბრძოლის ველზე დაარწმუნებს პუტინს, რომ ის ვერაფერს მიიღებს ომისგან და მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს“, - ხაზგასმით აღნიშნეს მათ.
ხელმომწერები ასევე იმედგაცრუებას გამოთქვამენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები უარყოფს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილებას, მათ მიერ გადაცემულ შორი მოქმედების იარაღზე უკრაინას შეზღუდვები მოუხსნან.
„ისევე, როგორც ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის სამარცხვინო დაგვიანებამ, ჩვენი მოკავშირეებისთვის მიეცათ უფლება უკრაინისთვის F-16 ავიაგამანადგურებლები მიეწოდებინათ, ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ხელს უშლის ჩვენს მიზანდასახულ მოკავშირეებს, დაეხმარონ უკრაინას გამარჯვებაში. რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უსაფრთხო ადგილი, საიდანაც ის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულებს დაუსჯელად ჩაიდენს“, - განაცხადეს მათ.