Loading data...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: იმედი მაქვს, მომხდარი მოვლენები აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს

თურქეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანში ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობდა, საიდანაც დაბრუნებისას, თვითმფრინავში ჟურნალისტებს გაესაუბრა. სხვადასხვა საკითხთან ერთად, ის აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, ბოლო დროს მომხდარ „დაძაბულობასაც“ შეეხო და აღნიშნა, რომ ორმა სახელმწიფომ არ უნდა მისცეს საშუალება არაფერს, მათი დიპლომატიური ურთიერთობა გააფუჭოს. 

„თურქეთს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, რუსეთთან ღრმა დიპლომატიური და სტრატეგიული კავშირები აქვს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით დაძაბულობას და თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენი უდიდესი სურვილია, რომ მომხდარმა სამწუხარო მოვლენებმა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებს გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს“, - აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ზანგეზურის დერეფნის პროექტის განხორციელებაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი თავდაპირველად, ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგი იყო, ამჟამად, ის უფრო მოქნილ მიდგომას ირჩევს, ეკონომიკურ ინტეგრაციაში მონაწილეობის თვალსაზრისით. 

ზანგეზურის დერეფანი ახალ შესაძლებლობებს მოუტანს არამხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთელ რეგიონს. ჩვენ ამ ხაზს გეოეკონომიკური რევოლუციის ნაწილად აღვიქვამთ“, - განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმებით, ერთმანეთის მიყოლებით „ახალი და ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარა“ გაიხსნება.