Loading data...
რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფის ბრალდებით, თურქ კომიკოსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა - The Washington Post

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რელიგიური ღირებულებების შეურაცხყოფის ბრალდებით თურქ კომიკოსს დენიზ გოქთაშს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.

მედიის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე პროკურატურამ მისი სასცენო გამონათქვამების გამო, გამოძიება დაიწყო.

სტამბოლის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების მიზეზი სოციალურ ქსელებში გოქთაშის მიერ გავრცელებულ კონტენტში „დანაშაულებრივი გამონათქვამები“ გახდა. პოლიციამ ის თურქეთში დაბრუნებისას, სტამბოლის აეროპორტში დააკავა.

პროკურატურის ცნობით, გოქთაშმა რელიგიური ღირებულებები სტამბოლში გამართული სტენდაფ წარმოდგენის დროს შეურაცხყო, სადაც ის ერდოღანს, ყურანსა და დაპატიმრებულ სტამბოლის მერს ეკრემ იმამოღლუს შეეხო. გოქთაშის ადვოკატის მეტინ ასლანის განცხადებით, ბრალდებებს შორის პრეზიდენტის შეურაცხყოფაც ფიგურირებს.

პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში გოქთაშმა ბრალდებები უარყო. მისი თქმით, ხუმრობები არც რელიგიური ღირებულებებისა და არც ყურანის მიმართ შეურაცხყოფას არ წარმოადგენდა. გოქთაშის განცხადებით, ერდოღანის „დიქტატორად” მოხსენიება პოლიტიკური განსაზღვრება იყო და არა შეურაცხყოფა.