რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ღაზა ჩვენი დროის ყველაზე არაადამიანურ და სამარცხვინო საკონცენტრაციო ბანაკად იქცა
ღაზა ჩვენი დროის ყველაზე არაადამიანურ და სამარცხვინო საკონცენტრაციო ბანაკად იქცა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ასამბლეაზე დასასწრებად ნიუ-იორკში გამგზავრება აუკრძალეს.
„ჩვენი პალესტინელი ძმებისა და დების წინააღმდეგ მიმართული ეს უსამართლობა ღრმად შეურაცხყოფს კაცობრიობის სინდისს“, — განაცხადა ერდოღანმა და შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს უთხრა, რომ მისი ქვეყანა „კვლავაც იქნება თავისუფალი და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ხმა“.
თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და იმ ფაქტს, რომ იქ სამ წელზე ნაკლებ დროში ისრაელის თავდასხმებს 70 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
„დღეს ღაზა არა მხოლოდ ბავშვთა უდიდესი სასაფლაოა მსოფლიოში, არამედ ის ადგილიც, სადაც ბავშვთა ამპუტაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება“, — განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერმა გაიხსენა აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც ისრაელი და „ჰამასი“ გასულ წელს დათანხმდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ პროცესი შეჩერებულია და ღაზაში პალესტინელების მკვლელობა გრძელდება.
„ეს ჰუმანიტარული საკითხია. ეს თითოეული ჩვენგანის სინდისის საქმეა. ჩვენ წინაშეა გენოციდური აზროვნება, რომელიც მკვლელობით ვერ ძღება. უკიდურესად მძიმე ვითარებაში ვიმყოფებით. ვერცერთი ადამიანი, რომელსაც ჰუმანურობის, გულმოწყალების, თუ თანაგრძნობის განცდა აქვს, ან რომელიც სამართლიანობითა და სინდისით ხელმძღვანელობს, ვერ დარჩება გულგრილი ამ სურათის მიმართ“, — განუცხადა მან მსოფლიო ლიდერებს.