RBC-Ukraine: უკრაინა ცაში ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის საკითხი კი ტრამპთან განიხილება

უკრაინული მხარე რუსებთან ე.წ. ცაში ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა, თუმცა მოსკოვისგან ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ევროპის მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში კი კვლავ განიხილება. ამის შესახებ RBC-Ukraine-ს ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს.
შეუერთდება თუ არა ევროპა სამშვიდობო მოლაპარაკებებს?
წყაროს ცნობით, უკრაინა და ევროპა მხარს უჭერენ ევროპული მხარის ჩართულობას და ტრამპი ღიაა ამ იდეის განსახილველად.
„ჩვენ გვჭირდება ევროპელების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რადგან ომი ევროპაშია და გადაწყვეტილებები ევროპას ეხება. გუშინდელი სატელეფონო საუბრისას ტრამპი ღია იყო დისკუსიებისთვის“, - აღნიშნა მან.
ასეთი შეხვედრის შესაძლო თარიღთან დაკავშირებით, წყარომ აღნიშნა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
რა ხდება „საჰაერო ზავის“ ინიციატივასთან დაკავშირებით?
რუსეთს არ გაუცია მკაფიო პასუხი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე. უკრაინა სრულად უჭერს მხარს ამ მიდგომას - მათ შორის „საჰაერო ზავს“.
„რუსები ამას არ აპირებენ“, - ამბობს წყარო.
მისი თქმით, საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა შედეგები იქნება რუსეთისთვის იმ შემთხვევაში, თუ აგრესორი ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტას 8 აგვისტომდე არ დათანხმდება, როგორც ამას აშშ მოითხოვდა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტას, იქნება ეს ჰაერში, თუ ზოგადად“, - დასძინა წყარომ.
ომის დასრულება მხოლოდ ზელენსკის, ტრამპისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ არის შესაძლებელი
წყაროს ცნობით, ომის რეალური დასრულება და მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების დონეზე შეხვედრის შემდეგ.
„ყველამ ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვიცით, რომ მხოლოდ ამერიკას შეუძლია მასზე გავლენის მოხდენა. და, რა თქმა უნდა, უნდა იყოს უკრაინელი ლიდერი, რადგან ეს არის ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა წყარომ.
მან ასევე მიანიშნა, რომ დიპლომატიური მოვლენების ბოლოდროინდელი განვითარება შესაძლოა, პუტინის კიდევ ერთი მანევრი იყოს, რათა თავიდან აიცილოს აშშ-ის მიერ რუსებისთვის ცეცხლის შეწყვეტისთვის მიცემული 8 აგვისტოს ვადა.