Loading data...
რასმუსენი: ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დანიის სამეფოს სუვერენიტეტი „წითელი ხაზია“, გრენლანდიას ვერც იყიდით და ვერც დაიპყრობთ

დანიამ ვაშინგტონში გრენლანდიის მომავალთან დაკავშირებით კონსტრუქციული მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განაცხადა, ასევე გააფრთხილა აშშ „წითელი ხაზების“ შესახებ და ყველას „ცივი გონების“ შენარჩუნებისკენ მოუწოდა. შესაბამის განცხადებას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი Facebook-ზე ავრცელებს. 

რასმუსენმა განაცხადა, რომ არ ელოდა, რომ ვაშინგტონში ერთი ვიზიტი აშშ-ის ადმინისტრაციას გრენლანდიის კონტროლის იდეის მიტოვებას აიძულებდა. ამავდროულად, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მიზანი რეალური დიალოგის დაწყება იყო, რასაც მიაღწია. 

„ჩვენ კონსტრუქციული საუბარი გვქონდა [აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ] ჯ.დ. ვენსთან და [სახელმწიფო მდივან] მარკო რუბიოსთან და შევთანხმდით პროცესზე, რომელიც მიზნად ისახავს ამ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას“, - აღნიშნა დანიელმა დიპლომატმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოპენჰაგენმა ნათლად გამოკვეთა თავისი პოზიცია სამეფოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით და მას „წითელი ხაზი“ უწოდა. რასმუსენის თქმით, გრენლანდიის ყიდვა, ან დაპყრობა შეუძლებელია და ამ საზღვრის ნებისმიერი დარღვევა შემდგომ მოლაპარაკებებს არაფერს მოუტანს.

„ახლა ყველას გთხოვთ, შევინარჩუნოთ ცივი გონება და თბილი გული და ვეცადოთ, მედიის ხმაურისა და მოკლე შეტყობინებების მიღმა გავიხედოთ და შევასრულოთ ის სამუშაო, რომლის დაწყებაზეც შევთანხმდით. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ სამეფოს სუვერენიტეტი „წითელი ხაზია“. გრენლანდიას ვერც იყიდით და ვერც დაიპყრობთ. 2026 წელს ჩვენ ხალხებს შორის ვივაჭრებთ და არა ხალხით! წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი შეჩერდება. და თუ მოლაპარაკებების გაგრძელებისას წითელი ხაზი გადაიკვეთება, მაშინ, სამწუხაროდ, შეხვედრების სერია უიმედო იქნება“, - წერს რასმუსენი.

დანია, შეერთებული შტატები და გრენლანდია შეთანხმდნენ, რომ შექმნიან „მაღალი დონის სამუშაო ჯგუფს“, რათა კუნძულთან დაკავშირებით შემდგომი დისკუსიებისთვის ერთობლივი მიდგომა შეიმუშაონ.