Loading data...
რა გავლენა, შესაძლოა, მოახდინოს ტრამპის მიერ უცხოურ ფილმებზე დაწესებულმა ტარიფებმა? - BBC

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უცხოეთში წარმოებულ ფილმებს 100%-იან ტარიფს დაუწესებს. 

ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ის აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტსა და ვაჭრობის წარმომადგენელს უფლებამოსილებას აძლევს, დაიწყონ გადასახადის დაწესების პროცესი, რადგან „ამერიკის კინოინდუსტრია სწრაფი სიკვდილით კვდება.“

რას შეიძლება ტრამპის გადაწყვეტილება ნიშნავდეს აშშ-ის კინოინდუსტრიისთვის, ასევე გლობალური კინობიზნესისთვის, მათ შორის დიდი ბრიტანეთისთვის? 

ჰოლივუდი „კვდება“?

ახალი ტარიფების გამოცხადებისას ტრამპმა განაცხადა, რომ ჰოლივუდი „კვდება.“ 

მართალია, ბოლო წლებში ინდუსტრია საკმაოდ რთულ პერიოდს გადის, რადგან პანდემიამ წარმოება შეაჩერა და მისი გავლენა კვლავ გრძელდება.

ჰოლივუდის სტუდიებმა 2024 წლის მეორე კვარტალში ფილმების გადაღებაზე 11.3 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 20%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით , რადგან სტუდიები Covid-ით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების მიზნით ხარჯების შემცირებას განაგრძობენ. 

აშშ კვლავ რჩება კინოწარმოების მთავარ ცენტრად და Variety-ის თანახმად, 2025 წელს გასულ წელთან შედარებით შემოსავლები გაიზარდა. 

რას გვთავაზობს ტრამპი?

ამან კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, გავრცელდება თუ არა ტარიფები ამერიკულ კინოკომპანიებზეც, რომლებიც ფილმებს საზღვარგარეთ აწარმოებენ.

ამერიკული სტუდიების მიერ წარმოებული რამდენიმე ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი ფილმი, მათ შორის „დედპული“, „ბოროტი“ და „გლადიატორი II“, ამერიკის ფარგლებს გარეთ გადაიღეს.

მოგვიანებით ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სხვა ერები შეერთებულ შტატებს ფილმებისა და კინოს გადაღების შესაძლებლობებს იპარავენ.“

როგორ იმუშავებს სინამდვილეში ტრამპის ტარიფები? 

ამ ეტაპზე კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. 

ცხადია, უცხოურ ფილმებზე 100%-იანი ტარიფის დაწესება ხარჯების უზარმაზარ ზრდას ნიშნავს იმ საპროდიუსერო კომპანიებისთვის, რომლებსაც აშშ-ის ბაზარზე გაყიდვა სურთ.

„არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ ჩვენ ცალსახად დავიცავთ ავსტრალიის კინოინდუსტრიის უფლებებს“, - განაცხადა ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტონი ბურკმა.

ტარიფებმა შეიძლება წაახალისოს აშშ-ის კინოკომპანიები, რომ მეტი ფილმი გადაიღონ საკუთარ ტერიტორიაზე, თუმცა არსებობს რისკი, რომ თუ ეს საზღვარგარეთ გადაღებაზე უფრო ძვირი დაჯდება, ფილმებს ვერ გადაიღებენ. 

კინოკრიტიკოსმა ერიკ დეგანსმა თქვა, რომ ტარიფებმა შესაძლოა, კინოინდუსტრია დააზარალოს. 

მან BBC-ს განუცხადა, რომ სხვა ქვეყნებმა შესაძლოა ამერიკულ ფილმებზე ტარიფების დაწესებით უპასუხონ, რაც „ამ ფილმებისთვის საზღვარგარეთ მოგების მიღებას გაართულებს“.