ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტს მოუწოდა, შეიწყალოს ნეთანიაჰუ, რომელსაც კორუფციაში ედება ბრალი

ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში, ქნესეთში, სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს მოუწოდა, შეიწყალოს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელსაც კორუფციასა და თაღლითობაში ედება ბრალი.
„მე მაქვს იდეა, რატომ არ აპატიებთ ნეთანიაჰუს?“ - განაცხადა ტრამპმა ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას ჰერცოგის მისამართით. ტრამპმა ნეთანიაჰუს შეცდომით უწოდა „ერთ-ერთი დიდი ომის დროინდელი პრეზიდენტი“, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად.
„ვის აინტერესებს სიგარები და შამპანური?“, - იკითხა ტრამპმა, რითაც მიანიშნა ნეთანიაჰუს მიერ სავარაუდოდ მიღებულ მდიდრულ საჩუქრებზე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი ნეთანიაჰუს სამართლებრივი ბრალდებებისგან გათავისუფლებას მოითხოვს. ამ ზაფხულს აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესის დასრულება მოითხოვა.