Loading data...
პუტინმა უკრაინასთან მოლაპარაკების პირობები დაასახელა

უკრაინის ჯარები დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან უნდა გაიყვანონ, მაშინ რუსეთი მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინამ პირობა უნდა დადოს, რომ ნატოში არ გაწევრიანდება.

„უკრაინის ჯარები მთლიანად უნდა გაიყვანონ დონეცკის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებიდან - აქვე ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია მთლიან ტერიტორიაზე ამ რეგიონების იმ ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, რომლებიც მათი უკრაინაში შესვლის მომენტისთვის არსებობდა. როცა კიევი განაცხადებს, რომ მზად არის, ეს გადაწყვეტილება მიიღოს და ამ რეგიონებიდან რეალურად ჯარის გაყვანას დაიწყებს და ასევე ოფიციალურად შეგვატყობინებს ნატოში შესვლის გეგმებზე უარს, ჩვენი მხრიდან მყისიერად, იმწუთასვე, გაიცემა ბრძანება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, - აცხადებს პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ყოველთვის მშვიდობისკენ ისწრაფოდა.