Loading data...
პუტინმა უკრაინაში სამშიდობო გეგმაზე უარი განაცხადა - ორბანი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო გეგმაზე უარი განაცხადა,  რადგანაც, მისი აზრით, ეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იქნება მომგებიანი. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა BILD-ს განუცხადა.

ორბანმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება შეაჯამა.

„რა იქნება ფრონტზე მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში? აშშ-ის არჩევნებამდე? ბევრად უარესი სიტუაცია იქნება. იქ იარაღის რაოდენობა იზრდება, ხოლო რუსები ძალზე შეუპოვრად იბრძვიან. კონფრონტაციის დონე და მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, ის აქამდეც ხომ საშინელ დონზე იყო. ის, რაც მომავალში იქნება, ბევრად უარესია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ორივე მხარე ამისთვის დიდ ძალისხმევას ეწევა. უკრაინელები ბოლო დროს უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები, რადგანაც დასავლური იარაღი მიიღეს. მთავარი არგუმენტია - ადამიანთა სიცოცხლე. ეს არის უმნიშვნელოვანესი მორალური მოტივაცია. მაგრამ არის კიდევ ევროპის ინტერესები. ის, რაც ახლა ხდება, ძალიან ცუდის ჩვენთვის“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

უნგრეთის ლიდერმა უკრაინაში ომის დაწყებაში რუსეთი დაადანაშაულა. ამასთანავე, ის მოსკოვის პასუხისმგებლობაზე ძალზე ფრთხილად საუბრობს:

„სიტუაცია ნათელია. პუტინმა და რუსეთმა უკრაინაში სამხედრო აგრესია დაიწყეს. მაგრამ ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, რომ დავადგინო ვინ რაზეა პასუხისმგებელი. ჩემთვის მთავარია, რომ მშვიდობას მივაღწიოთ. მე ორივე ქვეყნის ლიდერს და მთავრობებს ერთი და იგივე შეკითხვა დავუსვი -  „არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ დროებითი ზავი განვიხილოთ და შემდეგ მთლიანობაში, მშვიდობაზე მოლაპარაკება გავმართოთ?“ მაგრამ არცერთი მხარე ამაში დარწმუნებული არ არის, უკრაინელებმაც და რუსებმაც ერთი და იგივე მიპასუხეს. ზავი არის მოწინააღმდეგის ინტერესებში, რადგანაც ის გადაჯგუფებას შეძლებს და ომის გაგრძელებისკენ მოემზადება“, - განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პუტინს აქვს მტკიცე წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაიმარჯვოს რუსეთმა.

„პუტინს არ შეუძლია, რომ წააგოს. თუ შევხედავთ მათ სამხედროებს, შეიარაღებას და ტექნოლოგიებს, რასაც ომში იყენებენ, რუსეთის დამარცხება ძნელად წარმოსადგენია“, - განაცხადა ორბანმა.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი 2 ივლისს მოულოდნელად კიევში ჩავიდა, ხოლო შემდეგ დღეს მოლაპარაკებისთვის ის მოსკოვში გაემგზავრა. მოლაპარაკების არცერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია განცხადება, რომ ამ შეხვედრებზე რაიმე სახის შეთანხმება იყო მიღწეული.