Loading data...
პუტინმა, უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი

რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ბრძანება გასცეს, თუ რუსული არმია უკრაინაში დამარცხდება. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ლიტვინენკომ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუ რუსეთი კატასტროფული დამარცხების პირას აღმოჩნდება“, - განაცხადა ლიტვინენკომ.

მისი თქმით, ასეთმა მარცხმა შეიძლება რუსული ფრონტის დაშლა, არმიიდან დეზერტირება და მოსკოვში პროტესტი გამოიწვიოს.

ამასთან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანლის თქმით, არ არსებობს იმის ალბათობა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, სანამ ომში უპირატესობა რუსეთის მხარესაა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც ნაკლები სიმძლავრე აქვს. პუტინი, სავარაუდოდ, არ გამოიყენებს სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს, რაც თითქმის აუცილებლად გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს, რადგან „მას ცხოვრება სურს“.

ლიტვინენკო ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინის ბრძოლის ველზე ავტომატურად არ გამოიწვევს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, ვინაიდან პუტინი შესაძლოა ცდილობდეს, დაარწმუნოს თავისი ხალხი, რომ ასეთი დამარცხება რეალურად „გამარჯვებაა“.

ცნობისთვის, რუსეთისა და ჩინეთისგან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მეტი ბირთვული იარაღის მომზადების შესაძლებლობას განიხილავს.