Loading data...
პუტინმა თავის ჯარებს დაავალა, კურსკის ოლქიდან უკრაინული ძალები ტრამპის ინაუგურაციამდე განდევნონ - ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის სამხედროებს უბრძანა, კურსკის ოლქის ტერიტორიიდან უკრაინის თავდაცვის ძალები 20 იანვრამდე, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღემდე, განდევნონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, წერს Suspilne.

„პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კურსკის ოლქიდან გაგვაძევოს. ყველა ეს ამბავი, ყველა ეს  დემონსტრაციული დარტყმა ახალი რაკეტებით - ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მან დაისახა ეს ამოცანა. დარწმუნებული ვარ, მას სურს ჩვენი განდევნა მომავალი წლის 20 იანვრამდე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას, რომელსაც არ აკონტროლებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოპერაცია ცხადყოფს პუტინის რეჟიმის უუნარობას, დაიცვას საკუთარი რუსული ტერიტორიები, რადგან რუსული არმიის მთელი ძალები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზეა გადაყვანილი. 

„ის [პუტინი] სარდლობის მეშვეობით [ჯარისკაცებს] გადასცემს პირად მოთხოვნას, რომ მთელი „სპეცოპერაციის“ ბედი კურსკის ოპერაციაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.