პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში ბირთვული წყალქვეშა აპარატი, „პოსეიდონი“ გამოცადეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 8 ოქტომბერს რუსეთში უპილოტო წყალქვეშა აპარატის, „პოსეიდონის“ გამოცდა ჩატარდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორი აქვს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
ამის შესახებ პუტინმა ცენტრალურ სამხედრო-კლინიკურ ჰოსპიტალში ვიზიტის დროს განაცხადა.
„გუშინ ჩვენ კიდევ ერთი პერსპექტიული კომპლექსის, წყალქვეშა უპილოტო დანადგარის, „პოსეიდონის“ გამოცდა ჩავატარეთ. მასაც ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი გააჩნია. პირველად ის არა მარტო წყალქვეშა ნავიდან გავუშვით, არამედ ატომური ენერგეტიკული დანადგარი ავამუშავეთ, რომლითაც აპარატმა გარკვეული მანძილი დაფარა“, - განაცხადა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა ამ ფაქტს უდიდესი წარმატება უწოდა. მისი თქმით, „პოსეიდონი“ საკმაოდ მცირე ზომისაა, ხოლო მისი სიმძლავრე პერსპექტიული საკონტინენტთაშორისო რაკეტის, „სარმატის“ სიმძლავრეს მნიშვნელოვნად აღემატება.
პუტინმა აღნიშნა, რომ ამ აპარატის განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე მისი სიჩქარის და გადაადგილების სიღრმის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს და „ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ვერ გაჩნდება“.