Loading data...
პუტინმა და სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს და „დიდი შვიდეულის“ სამიტის შედეგები განიხილეს

კრემლის ცნობით, 19 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც ამ კვირაში კანადაში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შედეგები და G7-ის ლიდერებს შორის წარმოშობილი „უთანხმოება“ განიხილეს. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

როგორც სააგენტო წერს, შეხვედრის დროს „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას ვერ მიაღწიეს, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადა და სამიტი ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამო ერთი დღით ადრე დატოვა. ამ მიზეზით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ შეძლო ტრამპთან შეხვედრა და მისთვის მეტი ამერიკული იარაღის მიწოდებაზე თხოვნით მიმართვა. 

პუტინმა და სი ძინპინმა „განიხილეს კანადაში დიდი შვიდეულის ბოლო შეხვედრის შედეგები. კერძოდ, მათ აღნიშნეს მონაწილეებს შორის ურთიერთობებში გამოვლენილი ცნობილი უხეშობები. და, სხვათა შორის, აღინიშნა, რომ ზელენსკისთვის ეს სულაც არ იყო ყველაზე წარმატებული საზღვარგარეთული მოგზაურობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

კრემლის ცნობით, დაახლოებით ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს სი ძინპინმა და პუტინმა განიხილეს ისრაელ-ირანის კრიზისი, ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა BRICS-ის ჯგუფში, რომლის სამიტიც მომავალ თვეს ბრაზილიაში გაიმართება, მათ შორის გლობალური სამხრეთისთვის BRICS-ის ახალი საინვესტიციო პლატფორმის შექმნის ინიციატივა.