პუტინისა და ვიტკოფის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტივ ვიტკოფის შეხვედრა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში გაიმართა, დასრულდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, პუტინის საუბარი ვიტკოფთან ბორის ელცინის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში თითქმის ოთხსაათ-ნახევარს გაგრძელდა. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.
როგორც მანამდე პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის ომის მოგვარების სხვადასხვა ასპექტი იყო.
„მტკივნეული მუშაობა გრძელდება. ბუნებრივია, ვიტკოფი, როგორც პრეზიდენტ ტრამპის ოფიციალური წარმომადგენელი, პრეზიდენტისგან პუტინს რაღაცას მოუტანს, პუტინი ამას მოისმენს, იქნება საუბარი“, - განაცხადა პესკოვმა.
„ეს [შეხვედრა] ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ ვიტკოფის მეშვეობით გადმოგცეთ რუსეთის პოზიციის ძირითადი ელემენტები, რუსეთის შეშფოთება, რაც შემდეგ პრეზიდენტ ტრამპისთვის გახდება ცნობილი“, - დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, ეს ვიტკოფისა და პუტინის მესამე შეხვედრაა. მანამდე ვიტკოფი მოსკოვში 11 თებერვალს და 13 მარტს იმყოფებოდა.