პუტინისა და ვიტკოფის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა - „პუტინმა ვიტკოფის საშუალებით ტრამპს სიგნალები გადასცა“

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი მიიღო, რომლის მეშვეობითაც დონალდ ტრამპს „დამატებითი სიგნალები“ გადაეცა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ვლადიმერ პუტინმა გუშინ გვიან საღამოს სტივ ვიტკოფი მიიღო. პუტინმა ინფორმაცია და „დამატებითი სიგნალები“ გადასცა დონალდ ტრამპს ვიტკოფის საშუალებით. რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ესმით, რომ ქვეყნების პრეზიდენტებს შორის საუბარი აუცილებელია“, - განაცხადა პესკოვმა.
სტივ ვიტკოფი მოსკოვში 13 მარტს დილით მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქ ჯედაში გამართეს. მოლაპარაკებებზე უკრაინა შეერთებული შტატების წინადადებას დატანხმდა, რომელიც 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.
ვლადიმერ პუტინსა და სტივ ვიტკოფს შორის მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ვიტკოფი მოსკოვიდან 14 მარტს გაფრინდა.
დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრამდე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ეთანხმება წინადადებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს გამოიწვევს გრძელვადიან მშვიდობას.
მისი თქმით, აუცილებელია რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინება, მათ შორის ვინ იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის გარანტი.