Loading data...
პუტინის თქმით, ევროკავშირში სომხეთის მიერ გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან მის გასვლას ნიშნავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში მოლაპარაკება გამართეს. კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარი, ძირითადად, ერევნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ეხებოდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„თქვენ ამბობთ, რომ გასვლის შესახებ განცხადება გააკეთეთ. სხვა ეკონომიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურის დაწყების შესახებ კანონის მიღება ავტომატურად ჩვენი ორგანიზაციიდან გასვლას ნიშნავს. იქაც და იქაც ყოფნა შეუსაბამოა. ეს არის პრობლემა“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა სომხეთს, რომ ევროკავშირის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საკითხზე რეფერენდუმი გამართოს, „მიმართოს ხალხს და შეეკითხოს მას“.

თავის მხრივ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანმა სახელშეკრულებო ბაზა გააანალიზა და იქ სომხეთის მიერ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წინაშე ვალდებულებების არანაირი დარღვევა არ დააფიქსირა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2025 წელს სომხეთის პარლამენტის მიერ ევროინტეგრაციის შესახებ კანონის მიღების შემდეგ სომხეთმა, ფაქტობრივად, ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანის პროცესი დაწყების შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 24 აგვისტოს განაცხადა. ამის შემდეგ ევროკომისიაში განაცხადეს, რომ სომხეთი ახლა უფრო ახლოსაა ევროკავშირთან, ვიდრე ოდესმე. ამასთანავე, ევროკავშირში განაცხადეს, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება ხდება „მკვეთრად განსაზღვრული პროცესის ფარგლებში, რომელიც დამსახურებას ემყარება“.