პუტინის თანაშემწე აცხადებს, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის უახლესი ვერსია შესაძლოა, რუსეთისთვის შეუფერებელი იყოს
2 დეკემბერს რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართული ბოლო სერიოზული შეხვედრის შემდეგ მოსკოვს უკრაინის სამშვიდობო გეგმაში შეტანილი ცვლილებები არ უნახავს, თუმცა აღიარებს, რომ დოკუმენტი შესაძლოა, რუსეთისთვის შეუფერებელი გახდეს, განაცხადა კრემლის ლიდერის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
„საქმე ისაა, რომ ბოლოს ამერიკელებთან სერიოზული, სიღრმისეული საუბარი 2 დეკემბერს გვქონდა. ამის შემდეგ ჩვენ აღარ გვინახავს მათი დოკუმენტები, რომლებსაც ისინი ამზადებენ და რომლებშიც, ვვარაუდობ, ევროპელებსა და უკრაინელებს გარკვეული ცვლილებები შეაქვთ“, - განაცხადა მან.
„ჩემი პირადი აზრია, რომ ეს ქაღალდები ჩვენთვის უფრო მიმზიდველი აღარ იქნება, ვიდრე აქამდე იყო“, - დასძინა უშაკოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმაზე ექსპერტებთან სერიოზული განხილვები ჯერ კიდევ წინ არის.
„გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ვარიანტი, რომელიც განსახილველად არის წამოყენებული, გაუარესდება. მასზე მუშაობა დაწყებულია და შემდეგ ისევ ჩვენზე დაიწყება მუშაობა და ჩვენთვის, გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრი რამ, ალბათ, აღარ იქნება შესაფერისი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
„ჩვენ არ ვიცით, რაზე მუშაობენ ახლა, რა ცვლილებებს ახორციელებენ... ცხადია, ისინი უკეთესობისკენ არ არის მიმართული“, - დასძინა მან.