Loading data...
პუტინის სპეცწარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის აშშ-ში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება, სადაც რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ვადის გასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

წყაროების ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმებას და აშშ-სა და რუსეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას შეეხება.

ვიზიტი წინ უსწრებს აშშ-ის მოსალოდნელ გადაწყვეტილებას რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქების გაგრძელების შესახებ, რომლის ვადაც 11 აპრილს იწურება და რომელიც შესაძლოა, დღის წესრიგშიც იყოს.

აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი 9 მარტს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბრის, ასევე, დმიტრიევის შეერთებულ შტატებში შემდგომი ვიზიტის შემდეგ გადადგა. მან ამერიკულ დელეგაციასთან, რომლის შემადგენლობაშიც ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი იყვნენ, ახლო აღმოსავლეთში ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი განიხილა.