Loading data...
პუტინის პრესმდივანი აცხადებს, რომ ინდოეთის მიერ რუსულ ნავთობზე უარის შესახებ არაფერი სმენია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ინდოეთის მიერ რუსულ ნავთობზე უარის თქმის თაობაზე კრემლში არაფერი იციან. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

2 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის ხელისუფლება რუსული ნავთობის შეძენაზე უარს აცხადებს და უფრო მეტ ნავთობს შეერთებული შტატებისგან იყიდის.

„ჩვენ ამ საკითხზე დელის ოფიციალური განცხადებები არ გვსმენია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მისივე თქმით, კრემლი სიტუაციას აკვირდება და ახალ ამბებს თვალყურს ადევნებს.

„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს ძალზე ყურადღებით ვისმენთ. მათ ვაფიქსირებთ, ვაანალიზებთ და ასევე პატივისცემით ვექცევით აშშ - ინდოეთის ორმხრივ ურთიერთობებს. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი და ინდოეთის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება, ესეც ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მომავალშიც ჩვენ დელისთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას ვაპირებთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, ინდოეთი და ჩინეთი ამჟამად რუსული ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები არიან მსოფლიოში.