პუტინის განცხადებით, კონფლიქტის დარეგულირების ამერიკული წინადადებები იმ ვერსიით, რომელსაც მოსკოვი გაეცნო, შესაძლოა, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა, - იტყობინება კრემლის პრესსამსახური.
„შედგა მოსაზრებების გაცვლა უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის მშვიდობიანი მოგვარების ამერიკული წინადადებების კონტექსტში.
„ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ეს წინადადებები იმ ვერსიით, რომელსაც ჩვენ გავეცანით, შეესაბამება რუსეთ-ამერიკის სამიტზე ალასკაში გამართულ დისკუსიებს და პრინციპში, შეიძლება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების საფუძველი გახდეს. კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსეთის ინტერესი უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კრემლის განცხადებით, ერდოღანი მზადაა, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს და უზრუნველყოს მათთვის პლატფორმა.