Loading data...
პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას „არ გამორიცხავს“, თუმცა არის ერთი „მაგრამ“ - Politico

კრემლი უკრაინასთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გაჭიანურებას აგრძელებს. კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი „არ გამორიცხავს“ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრას - თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარკვეული „სამუშაო“ დასრულდება.

პესკოვის 4 აგვისტოს გაკეთებული ბოლო განცხადება მოსკოვის კიდევ ერთი მცდელობა იყო, თავიდან აეცილებინა სერიოზული მოლაპარაკებები, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნის მიუხედავად, რომ რუსეთი 8 აგვისტომდე ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფების დაწესების წინაშე აღმოჩნდებოდა, იუწყება Politico.

ამერიკელმა ლიდერმა თავდაპირველად რუსეთს 50 დღე მისცა, თუმცა მალევე შეამცირა ვადა და განაცხადა, რომ პუტინით „იმედგაცრუებულია“.

ზელენსკის და პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა

პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კრემლის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას „არ გამორიცხავს“ — „მას შემდეგ, რაც ექსპერტების დონეზე საჭირო სამუშაოები დასრულდება და საჭირო გზა გავლილი იქნება“. მისი თქმით, ეს სამუშაო „ჯერ არ არის შესრულებული“.

ზელენსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა: „ჩვენ გვესმის, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში და ამიტომ უკრაინა კიდევ ერთხელ გთავაზობთ ტექნიკური დისკუსიებიდან რეალურ მოლაპარაკებებზე გადასვლას - არა განცხადებების გაცვლას, არამედ ლიდერების დონეზე შეხვედრას“.

კრემლმა არაერთხელ მიანიშნა ომის დასრულების მიზნით უკრაინასთან მოლაპარაკებების მზადყოფნაზე, ამავდროულად, წამოაყენა ბუნდოვანი და არარეალური პირობები, რამაც პროცესის გადადება, დაბომბვის გაგრძელება და ახალი ტერიტორიების მიტაცების გაგრძელება გამოიწვია, წერს მედია.

ამ ფონზე, ტრამპი კიდევ ერთხელ გაგზავნის თავის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს რუსეთში. ეს უახლოეს დღეებში მოხდება.