პუტინი უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას მომავალ კვირას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა.
პუტინის შეთავაზების მიხედვით, მოლაპარაკებები 15 მაისს, სტამბოლში უნდა გაიმართოს.
„ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს უკრაინულ მხარესთან დიალოგზე. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვეტია 2022 წელს, ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ. მიუხედავად ყველაფრისა, ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებას 2022 წლის ბოლოს მათ მიერვე შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებას, თანაც ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე“, - აღნიშნა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის გეგმავს საუბარს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და სთხოვს მას, უზრუნველყოს თურქეთში მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, არ გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების დროს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების დროს, შესაძლებელი იქნება, ახალი ზავისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ამასთან, რეალური ზავისა, რომელსაც დაიცავდა არამხოლოდ რუსეთი, არამედ უკრაინული მხარეც. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, ვიმეორებ, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ და არა პროლოგი, შეიარაღებული კონფლიქტის გასაგრძელებლად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელახალი შეიარაღებისა და დაკომპლექტების შემდეგ. ვის სჭირდება ასეთი მშვიდობა?“ - დასძინა პუტინმა.