Loading data...
პუტინი ტრამპის სატარიფო პოლიტიკაზე: მას ჰყავს მრჩევლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ასეთი სატარიფო პოლიტიკის გატარება აშშ-ის ეკონომიკას სარგებელს მოუტანს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ მისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი დამატებითი ტარიფების დაწესებით გულწრფელად ფიქრობს, რომ ეს აშშ-ის ეკონომიკას წაადგება.

„ის [ტრამპი] საკუთარ პოლიტიკას ატარებს და ჰყავს მრჩევლები - ის ამას ჰაერიდან კი არ იგონებს, არამედ ჰყავს მრჩევლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ასეთი სატარიფო პოლიტიკის გატარება, რაც მის კონტრაგენტებზე დამატებითი ტარიფების დაწესებას გულისხმობს, საბოლოო ჯამში, აშშ-ის ეკონომიკას სარგებელს მოუტანს. მე მჯერა, რომ ის ამას გულწრფელად აკეთებს“, - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან და ტელეარხების Aaj Tak-ისა და India Today-ის მენეჯმენტთან საუბრისას, როდესაც მათი თხოვნით ინდოეთის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკაზე ისაუბრა.

ამავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „აქ საფრთხეები არსებობს, მაგრამ ეს თავად ქვეყნის და მოცემული ქვეყნის ლიდერების არჩევანია, თუ რომელი ეკონომიკური პოლიტიკა აირჩიონ“.

„ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია, არც ვაპირებთ და არც გვაქვს ამის გეგმები. ჩვენ გვაქვს ღია ეკონომიკა. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან დაკავშირებული ყველა დარღვევა“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

მან გაიმეორა, რომ არასდროს აფასებს თავის კოლეგებს, მათ შორის მათაც, ვისთანაც ადრე მუშაობდა, მით უმეტეს ცალკეული სახელმწიფოების ამჟამინდელ ლიდერებს.

„ეს შეფასებები უნდა გააკეთონ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საარჩევნო კამპანიების დროს კონკრეტულ ლიდერს აძლევენ ხმას“, - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.