პუტინი: როგორც ჩანს, კიევის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს
„კიევის ხელმძღვანელობამ სტარობილსკის პედაგოგიურ კოლეჯში და ახლა გენიჩესკში ბავშვებისა და მოზარდების წინააღმდეგ განზრახ – დიახ, განზრახ, მძიმე დანაშაულის ჩადენით გადაწყვიტა, თავისი დანაშაულების სერიაში ახალი ფურცელი გადაშალოს და მთლიანად კონფლიქტს ახალი ხარისხი შესძინოს. ეს მათი არჩევანია“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტარობილსკში ტერორისტული თავდასხმის გამოძიების შესახებ გამართულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კრემლის ლიდერმა აღნიშნა, კიევმა არჩევანი შეგნებულად გააკეთა.
პუტინის თქმით, თავდასხმაში მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.
„სასჯელი გარდაუვალი იქნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსული მხარის ინფორმაციით, 22 მაისს ლუგანსკში, სტარობელსკის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, შენობაში იმ დროს 86 ბავშვი იმყოფებოდა.