Loading data...
„პუტინი ომს აფართოებს და დასავლეთს გამოცდას უწყობს“ - სიბიგა პოლონეთზე რუსული დრონებით თავდასხმას გამოეხმაურა

უკრაინაზე მასობრივი თავდასხმის დროს პოლონეთში რუსული დრონების შეჭრა აჩვენებს, რომ კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის დაუსჯელობის განცდა კვლავ იზრდება, რადგან ის სათანადოდ არ დასჯილა მისი წინა დანაშაულებისთვის. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, იუწყება ქვეყნის საგარეო უწყების პრესსამსახური.

„პუტინი აგრძელებს ომის ესკალაციას, გაფართოებას და დასავლეთის ძალის გამოცდას. რაც უფრო დიდხანს არ მიიღებს ის საპასუხოდ ძალას, მით უფრო აგრესიული გახდება. სუსტი რეაგირება ახლა რუსეთს კიდევ უფრო გააღიზიანებს - შემდეგ კი რუსული რაკეტები და დრონები კიდევ უფრო შორს გაფრინდებიან ევროპაში“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ეს სიტუაცია მიუთითებს იმაზე, რომ საბოლოოდ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას იძლევა, გამოიყენონ მეზობელი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონებისა და რაკეტების ჩასაჭრელად, მათ შორის ნატოს საზღვრებთან მიახლოებისას.

სიბიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი ხანია, მოკავშირეებს ასეთ ნაბიჯს სთავაზობს და ის კოლექტიური უსაფრთხოების მიზნით უნდა გადაიდგას.

ამავდროულად, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ასევე მოწოდებაა პარტნიორებისადმი, სასწრაფოდ გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და უკეთ დაიცვან თავი რუსული დრონებისა და რაკეტების მზარდი რაოდენობისგან, რომლებიც რეგულარულად უტევენ უკრაინას. 

„გარდა ამისა, სანქციები დაუყოვნებლივ უნდა გამკაცრდეს. პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს სერიოზულად მხოლოდ მაშინ მიიღებს, როდესაც სერიოზული ტრანსატლანტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდება. რუსული საომარი მანქანა უნდა შეჩერდეს - და მისი შეჩერება მხოლოდ ძალით შეიძლება და არა სისუსტით“, - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.