პუტინი მზადაა, ტერიტორიები დათმოს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვან რამეს მოითხოვს - NYT

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირდაპირი მოლაპარაკებების დროს კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, შეეცდება ომში სტრატეგიული პოლიტიკური გამარჯვების მოპოვებას უკრაინაში ტერიტორიული პრეტენზიების უარყოფის სანაცვლოდ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ანალიტიკოსებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინისთვის ნამდვილი გამარჯვება იქნება არა ყირიმის გარდა კიდევ ოთხი უკრაინული რეგიონის მიტაცება, არამედ მთელი უკრაინის მოსკოვის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დაბრუნება. ეს, კერძოდ, ნიშნავს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისა და, ზოგადად, დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვას, კიევში პრორუსული მთავრობის ჩამოყალიბებას, უკრაინის თავდაცვითი პოტენციალის შეზღუდვას და ა.შ.
როგორც NYT წერს, სავარაუდოდ, პუტინი ტრამპთან პირად შეხვედრაზე სწორედ ამას ისახავს მიზნად და არა უკრაინის კიდევ ორი რეგიონული ცენტრის გადაცემას. ეს შეიძლება იყოს რუსეთის გამარჯვება ომში.
პუბლიკაციის ავტორები იხსენებენ, რომ მოსკოვში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს მიღწეული კონკრეტული შეთანხმებები დღემდე უცნობია. ორივე მხარემ ეს საუბარი დადებითად შეაფასა, თუმცა მისი კონკრეტული შინაარსი ფართო საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული დარჩა.
ერთ-ერთი ვარიანტი ისაა, რომ პუტინმა, სავარაუდოდ, გამოთქვა მზადყოფნა, ტერიტორიული საკითხების მიმართ მოქნილობა გამოავლინოს დასავლეთის მხრიდან გეოპოლიტიკური დათმობების სანაცვლოდ. მაგრამ ამისთვის რუსეთის პრეზიდენტი პირადად უნდა შეხვდეს ამერიკელ კოლეგას.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლები მტკიცედ აცხადებდნენ, რომ უკრაინამ ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები რუსეთს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უნდა გადასცეს. ვაშინგტონმა სამართლიანად მიიჩნია ეს მოთხოვნები არაგონივრულად და ფიქრობდნენ, რომ ეს იყო იმის ნიშანი, რომ მოსკოვი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს სერიოზულად არ უყურებდა.
თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ პუტინმა განზრახ უბრძანა თავის ელჩებს ასეთი მკაცრი პოზიციის დაკავება, რათა საბოლოოდ ტრამპთან პირადი შეხვედრა მოეწყო. როგორც ჩანს, მოსკოვი იმედოვნებს, რომ პირისპირ შეხვედრისას პუტინი შეძლებს თავისი დიდი ხნის გულშემატკივრის - ტრამპის დარწმუნებას „კონფლიქტის ძირითადი მიზეზების“ შესახებ რუსეთის ხედვაზე.
კარნეგის რუსეთ-ევრაზიის ცენტრის უფროსი მკვლევარი ტატიანა სტანოვაია მიიჩნევს, რომ მომავალ მოლაპარაკებებზე მოსკოვი მართლაც მზად იქნება გარკვეული ტერიტორიების გაცვლისთვის, რათა უფრო გლობალურ მიზანს მიაღწიოს.
„პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნატოა და უტყუარი გარანტიები იმისა, რომ უკრაინა ნატოში არ იქნება და ნატოს ქვეყნები უკრაინაში სამხედრო ყოფნას არ განავითარებენ, ასევე, რიგი პოლიტიკური მოთხოვნები თავად უკრაინის მიმართ“, - განაცხადა სტანოვაიამ.
მისი თქმით, პუტინს სურს, რომ უკრაინამ შეწყვიტოს ის, რასაც თავად „ანტირუსულ პროექტად“ მიიჩნევს, ანუ დაბრუნდეს მოსკოვის გავლენის სფეროში.
„ამიტომ ის ამას მიაღწევს ან ნატოს გარანტიებით, ანუ დასავლეთის გარანტიებით, ან ის ამას მიაღწევს უკრაინის შიგნით პოლიტიკური კონტროლის მეშვეობით. ტერიტორია - ეს ძალიან მეორეხარისხოვანია“, - დასძინა სტანოვაიამ.