Loading data...
პუტინი აცხადებს, რომ ომი გამოიწვია კიევში მომხდარმა „სახელმწიფო გადატრიალებამ“, რომელსაც უკრაინის დასავლელი მოკავშირეები უჭერდნენ მხარს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული. ამის შესახებ მან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფო მეთაურების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, იტყობინება Sky News.

პუტინის თქმით, „უკრაინის კრიზისის“ ძირითადი მიზეზი უნდა აღმოიფხვრას და ძალთა ბალანსი უნდა დამყარდეს. რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ომი დაიწყო არა „შეჭრის“, არამედ კიევში მომხდარი „სახელმწიფო გადატრიალების“ შედეგად, რომელსაც უკრაინის დასავლელი მოკავშირეები უჭერდნენ მხარს.

კრემლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთის მცდელობები, უკრაინა ნატოში მიიზიდოს, კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზია.

ამავდროულად, იგი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართული ალასკის სამიტი უკრაინაში მშვიდობის გზას ხსნის. პუტინმა აღნიშნა, რომ მან სამიტის შედეგები ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან განიხილა.

„ამ მხრივ, ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩინეთისა და ინდოეთის ძალისხმევასა და წინადადებებს, რომლებიც მიმართულია უკრაინის კრიზისის მოგვარების ხელშეწყობისკენ“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.