პროტესტის ტალღა ბელგიაში - მოსახლეობა საბიუჯეტო შემცირებებს ეწინააღმდეგება
ბრიუსელში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ბელგიის მთავრობის მიერ დაგეგმილი მკაცრი ეკონომიკური ზომებისა და საბიუჯეტო შემცირებების გასაპროტესტებლად.
პროფკავშირების მიერ ორგანიზებულმა საყოველთაო გაფიცვამ და დემონსტრაციებმა ქვეყნის მასშტაბით სერიოზული შეფერხებები გამოიწვია.
როგორც მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ბრიუსელში გამართულ დემონსტრაციაში დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვაც იყო, რის გამოც შეჩერდა საჰაერო მიმოსვლა, შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სასწავლო დაწესებულებებისა და სხვა საჯარო სამსახურების მუშაობა.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის ბარტ დე ვევერის მთავრობის გეგმებს აპროტესტებდნენ, რომელიც მომდევნო წლებში დაახლოებით 10 მილიარდი ევროს დაზოგვას გეგმავს, რათა ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი შეამციროს. ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად ხელისუფლება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების შემცირებასა და პროდუქციისა და მომსახურების შეძენისას გადასახადის გაზრდას გეგმავს.
დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური რეფორმების ტვირთი დასაქმებულებს, პენსიონერებსა და დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს აწვებათ, რის ნაცვლადაც ისინი მსხვილი კორპორაციებისა და მაღალშემოსავლიანი პირების დაბეგვრას ითხოვენ.