ProPublica: გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსები, სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯო უილსონი, სამხედრო-საზღვაო კონტრაქტორ კომპანია Navatek-სგან მრავალმილიონიანი სახელმწიფო დაფინანსების მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდნენ
„როგორ გადაარჩინა ტრამპის მიერ FBI-ის წმენდამ ლინდსი გრემი და ჯეიმს კლაიბერნი ქრთამის აღების გამოძიებას“, - ამ სათაურით სტატიას ProPublica აქვეყნებს.
მათ მიერ მომზადებული მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიება აშშ-ის კონგრესში არსებულ კორუფციულ სქემას ეძღვნება, რომელშიც Navatek-ის ყოფილ გენერალურ დირექტორთან მარტინ კაოსთან ერთად, ყოფილი სენატორი ლინდსი გრემი, წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯეიმს კლაიბერნი და კონგრესმენი ჯო უილსონი ფიგურირებენ.
სტატიის მიხედვით, 2020 წლის 3 მარტს აწ უკვე გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი ვაშინგტონში კომპანია Navatek-ის ორ ხელმძღვანელსა და ერთ ლობისტს უნდა შეხვედროდა. თუმცა, 45-წუთიანი შეხვედრის სანაცვლოდ, მან მათ წინასწარ მოსთხოვა, საარჩევნო კამპანიისთვის 40 000 დოლარის ოდენობის შემოწირულება უზრუნველეყოთ. მაშინ, Navatek-ის აღმასრულებელი დირექტორი მარტინ კაო დარწმუნებული იყო, რომ ამ დროის განმავლობაში საჭირო შედეგს მიაღწევდა.
„სინამდვილეში, მას მხოლოდ მოსვლა და სიტყვა „დიახ“-ის თქმა სჭირდება“, - წერდა კაო შეხვედრამდე ერთი დღით ადრე Navatek-ის ლობისტსა და კომპანიის კიდევ ერთ ხელმძღვანელს ელექტრონულ წერილში, რომელიც ProPublica-მ მოიპოვა.
საბოლოოდ, კაომ სასურველი პასუხი მიიღო: მისი შემდგომი მონათხრობის თანახმად, გრემი დათანხმდა, რომ Navatek-ისთვის სამხრეთ კაროლინაში 10 მილიონი დოლარის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტის მოპოვებას შეუწყობდა ხელს. კაოს თქმით, გრემმა სანაცვლოდ, მას საარჩევნო კამპანიისთვის ჯამში 100 000 დოლარის შემოწირულება მოსთხოვა. 2025 წლის დასაწყისში FBI-მ კონგრესში კორუფციის მასშტაბური გამოძიება დაიწყო, რომლის ცენტრშიც გრემთან გამართული ეს ვახშამიც აღმოჩნდა.
ProPublica-ს მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ კომპანია Navatek-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარტინ კაომ, FBI-სთან აღიარა, რომ მისი კომპანია კონგრესმენ ჯო უილსონთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო კამპანიისთვის გაღებული თანხები სახელმწიფო კონტრაქტების მიღების სანაცვლოდ გამოიყენებოდა. გამოძიების მასალების თანახმად, კაოს გეგმა თავდაცვის სფეროში კომპანიის გაფართოებასა და გავლენიანი პოლიტიკოსების მხარდაჭერის მოპოვებას ითვალისწინებდა.
2024 წლის ბოლოს FBI-სთან გამართული საუბრების ჩანაწერების თანახმად, მარტინ კაომ აღიარა, რომ Navatek-ის ბიზნესმოდელი საჯარო მოხელეებისთვის ქრთამის მიცემასა და სანაცვლოდ მოგებიანი სახელმწიფო კონტრაქტების მიღებას ეფუძნებოდა. კაოს მტკიცებით, ამ სქემაში კონგრესის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მან გამომძიებლებს განუცხადა, რომ Navatek-მა კონტრაქტები არა მხოლოდ გრემთან, არამედ შტატის წამყვან დემოკრატ კონგრესმენ ჯეიმს კლაიბერნთან და კიდევ ერთ გავლენიან კონგრესმენ ჯო უილსონთანაც დადო.
სტატიის მიხედვით, ჰავაიში დაფუძნებული სამხედრო-საზღვაო თავდაცვის კონტრაქტორი კომპანიის, Navatek-ის წარმომადგენლები კონგრესმენების ოფისებს უკავშირდებოდნენ და ფედერალური დაფინანსებით კვლევითი კონტრაქტების მოპოვებას ცდილობდნენ.
გარიგებები პოლიტიკოსებთან ან მათ სანდო თანამშრომლებთან პირისპირ შეხვედრების დროს ფორმდებოდა. სანაცვლოდ, Navatek-ის ხელმძღვანელები, მათი ოჯახის წევრები და ლობისტები პოლიტიკოსების საარჩევნო კამპანიებს მნიშვნელოვან თანხებს სწირავდნენ. პოლიტიკოსები კი თავდაცვის ბიუჯეტში ისეთ კონკრეტულ ჩანაწერებს ამატებდნენ, რომლებიც კომპანიისთვის სასურველი პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფდა.
კაომ გამომძიებლებს განუცხადა, რომ კონგრესმენ ჯო უილსონთან, რომელიც წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის გავლენიანი წევრია, კერძო სადილის გამართვა მისი საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულების განხორციელების შემდეგ შეძლო. კაოს აღიარების თანახმად, უილსონმა პირდაპირ მოითხოვა, რომ მისთვისაც იმავე ოდენობის თანხა შეეწირათ, რამდენსაც მაღალი რანგის დემოკრატი კონგრესმენი ჯეიმს კლაიბერნი იღებდა.
კაოს განცხადებით, 2020 წლის მარტში გამართული შეხვედრისას კლაიბერნი დაინტერესდა, რამდენს სწირავდა ის გრემის საარჩევნო კამპანიას, შემდეგ კი თავადაც იგივე თანხა - 100 000 დოლარი მოითხოვა.
FBI-ის მონაცემებით, დაგეგმილი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კაომ და მისი ოჯახის წევრებმა კლაიბერნის საარჩევნო კამპანიას ჯამში 20 000 დოლარი შესწირეს. ერთი თვის შემდეგ კი Navatek-ის კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა კლაიბერნის ყოფილ უნივერსიტეტს, სამხრეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 10 000 დოლარი გადაურიცხა.
ჯო უილსონის შემთხვევაშიც კაო FBI-ს მსგავს ისტორიას უყვებოდა. მისი თქმით, კონგრესმენთან კერძო სადილის შეხვედრა საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულების გადარიცხვით მოაწყო. კაო ამტკიცებდა, რომ უილსონს კლაიბერნისთვის შეწირულ თანხასთან გათანაბრებული შემოწირულება სურდა.
2022 წელს კაომ უკანონო საარჩევნო შემოწირულებების და სასესხო თაღლითობის საქმეში დანაშაული აღიარა. 2025 წელს მას 87 თვით პატიმრობა მიესაჯა.
კონგრესმენმა ჯო უილსონმა და ანგარიშში მოხსენიებულმა სხვა კანონმდებლებმა ბრალდებები უკანონო გარიგებებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ თანხის მიღების შესახებ კატეგორიულად უარყვეს.
FBI-მ კონგრესში შესაძლო ქრთამის აღებისა და კორუფციული გარიგებების მასშტაბური გამოძიება 2025 წლის დასაწყისში დაიწყო. თუმცა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ კანონმდებლებთან დაკავშირებული გამოძიება შეჩერდა, ხოლო საქმის წამყვანი გამომძიებლები FBI-დან გაათავისუფლეს ან იძულებული გახდნენ, უწყება დაეტოვებინათ.
სტატიის მიხედვით, გამომძიებლები, რომლებიც კაოს საქმეზე მუშაობდნენ, ამ წმენდას შეეწირნენ. დღეს მისი ბრალდებების შესასწავლად აღარავინ დარჩა. ტრამპის ადმინისტრაციამ საჯარო კორუფციის საქმეების გამოძიებაზე ფაქტობრივად უარი თქვა. საქმე შეჩერებულია. ProPublica-მ ეს გამოძიება ათასობითგვერდიანი სამართლებრივი დოკუმენტის, Navatek-ის შიდა ელექტრონული მიმოწერის, FBI-ის მიერ კაოს ბრალდებების გადასამოწმებლად გამოყენებული მტკიცებულებებისა და ათობით ინტერვიუს საფუძველზე აღადგინა. გამოცემა ესაუბრა ადამიანებს, რომლებმაც იცოდნენ, როგორ მუშაობდა Navatek, მათ შორის იმ თვითმხილველსაც, რომელიც გრემისა და კაოს ფარულ ვახშამს ესწრებოდა.