Loading data...
„პრობლემა ისრაელშია და არა ჩვენში“ - სირიის ლიდერი აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის მოვლენებმა ისრაელის პოლიტიკა არ უნდა განსაზღვროს

ნიუ-იორკში ვიზიტისას სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას ჰკითხეს, წარმოუდგენია, თუ არა თავისი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან და მოითხოვს, თუ არა დამასკო გოლანის მაღლობების დაბრუნებას ურთიერთობების დამყარების წინაპირობად.

ალ-შარაამ აღნიშნა, რომ ისრაელსა და სირიას შორის გასულ წელს უკვე გაიმართა პირდაპირი მოლაპარაკებები, თუმცა, მისი თქმით, ისრაელმა ჯერ უნდა გაიყვანოს ძალები სამხრეთ სირიის იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიკავა.

„შემდგომ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებულ დისკუსიებზე გადავალთ. თუ ეს ზომები წარმატებული აღმოჩნდება, მაშინ შევძლებთ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას. გოლანის მაღლობები სირიის ტერიტორიაა, რაც გაეროს მიერ არის აღიარებული... ასე რომ, აქ განსახილველი არაფერია“, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.

შემდეგ მას ჰკითხეს, ესმის, თუ არა ებრაელთა შეშფოთების „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ და რა გზავნილი აქვს მას ისრაელის საზოგადოებისთვის.

„მესმის, რა მოხდა 7 ოქტომბერს ზოგიერთი უდანაშაულო ადამიანისთვის, მაგრამ, ამავდროულად, შეუძლებელია, მთელი პოლიტიკა მხოლოდ ერთ ინციდენტს ეფუძნებოდეს. ამასთანავე, უნდა გავიაზროთ, რა მოხდა ღაზაში, სადაც 70 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიზანშეწონილი არ არის, სირიის მიმართ პოლიტიკა 7 ოქტომბერს მომხდარმა მოვლენებმა განსაზღვროს. ისრაელმა უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა, რადგან ის პრობლემებს ქმნის ამის გარშემო. ვფიქრობ, პრობლემა ისრაელშია და არა სირიაში“, — განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.