პრინცი ჰარი და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

12 სექტემბერს უკრაინაში რამდენიმე მაღალი რანგის დიპლომატიური სტუმარი ჩავიდა.
The Guardian-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ის უკრაინაში უკრაინის მთავრობის მიწვევით ჩავიდა და განაცხადა, რომ სურს, „ყველაფერი გააკეთოს“, რათა ომში დაჭრილ ათასობით ჯარისკაცს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს.
უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის დროს ის და მისი Invictus Games Foundation-ის გუნდი დაჭრილების რეაბილიტაციის მხარდასაჭერად ახალ ინიციატივებზე საუბარს გეგმავენ.
გარდა ამისა, დღეს კიევში ჩავა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ივეტ კუპერი. ეს მისი პირველი უცხოური ვიზიტი იქნება თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ვიზიტის დროს ის უკრაინისთვის ზამთრის დახმარების სახით 142 მილიონი ფუნტის (193 მილიონი აშშ დოლარის) გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს, წერს Reuters-ი.
კუპერი, სავარაუდოდ, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მაღალჩინოსნებს შეხვდება, სადაც ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს დიდი ბრიტანეთის ერთგულებას უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვის მიმართ.
კიევში ასევე ჩავიდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიევში, რადეკ! რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ტერორის ესკალაციისა და პოლონეთის წინააღმდეგ პროვოკაციების ფონზე, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ერთად. დღეს ჩვენ გავმართავთ არსებით მოლაპარაკებებს ჩვენი საერთო უსაფრთხოების, უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების და მოსკოვზე ზეწოლის შესახებ. მადლობას ვუხდი პოლონეთს ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა სიბიგამ.