პრინც ენდრიუს ტიტული ჩამოერთმევა
 
        დიდი ბრიტანეთის მეფის ძმას, პრინც ენდრიუს ჩამოერთმევა ტიტული „პრინცი“ და იძულებული იქნება დატოვოს სამეფო აპარტამენტები უინძორის სასახლის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ნათქვამია ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მისმა უდიდებულესობამ [ჩარლზ III-მ] დღეს დაიწყო ოფიციალური პროცედურა პრინც ენდრიუსთვის ფორმალური მიმართვის, ტიტულისა და პატივის მიგების ჩამორთმევის თაობაზე“, – განაცხადეს სახელმწიფოს მეთაურის კანცელარიაში.
იქვე დააზუსტეს, რომ პრინც ენდრიუს „ოფიციალურად გადაეცა ცნობა Royal Lodge-ის რეზიდენციის იჯარის შეწყვეტის შესახებ“ და რომ „ის სხვა კერძო საცხოვრებელში გადავა“.
ტელეკომპანია Sky News-ის ინფორმაციით, მონარქის ძმა ამიერიდან ცნობილი იქნება, როგორც ენდრიუ მაუნტბეტენ უინძორი.
სამაუწყებლო კორპორაცია BBC აზუსტებს, რომ ის ნორფოლკის საგრაფოში, სამეფო მამულ სანდრინგემში გადავა.
პრინცმა ენდრიუმ იორკის ჰერცოგის ტიტულის გამოყენებაზე უარი ჯერ კიდევ ადრე განაცხადა ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო. თუმცა, ის პრინცად რჩებოდა იმ მოტივით, რომ დედოფალ ელისაბედ II-ის შვილი იყო.
ბუკინგემის სასახლეში აღნიშნეს, რომ ეს „ზომები აუცილებლად ითვლება“ იმის მიუხედავად, რომ პრინცი ენდრიუ „კვლავ უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს“.
მისი ქალიშვილები, ბეატრისი და ევგენია პრინცესების ტიტულებს შეინარჩუნებენ.
2019 წელს პრინცი ენდრიუ იძულებული გახდა, უარი ეთქვა სამეფო ოჯახის წევრის ოფიციალური მოვალეობების შესრულებაზე ეპშტეინის საქმით გამოწვეული სკანდალის გამო.
 
            