Loading data...
Pravda: დონეცკიდან უკრაინული ჯარების გაყვანის საკითხზე აშშ უკრაინაზე ზეწოლას ახდენს

აშშ, რუსეთთან ერთად, ზეწოლას ახდენს უკრაინაზე, რათა გაიყვანოს ჯარები დონეცკის რეგიონიდან. წყაროების ცნობით, თუ პროგრესი არ იქნება მიღწეული, აშშ, შესაძლოა, მოლაპარაკებებიდან გამოვიდეს და ირანში სამხედრო ოპერაციაზე გაამახვილოს ყურადღება. წერს „უკრაინსკაია პრავდა“.

ზელენსკის გუნდის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, რომელმაც ანონიმურობა ისურვა, 21-22 მარტს აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისას ამერიკული მხარე უკრაინას კვლავ გარკვეული ტერიტორიების დათმობისკენ მოუწოდებდა, რაც უკრაინისთვის მიუღებელია.

„ამერიკელები ვერ ხედავენ, სად შეგვიძლია შევთანხმდეთ მთავარ საკითხზე. ამან შეიძლება, აიძულოს ისინი საერთოდ გამოვიდნენ პროცესიდან და ირანზე ფოკუსირდნენ, მათ არჩევნებზე და ა.შ. ისინი მზად არიან, რეალური უსაფრთხოების გარანტიებიც კი შემოგვთავაზონ, თუ დონბასიდან გავალთ. თუმცა, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამის განხორციელება უკრაინაში“, - განაცხადა წყარომ. 

მისივე თქმით, უკრაინელები ყველანაირად ცდილობენ ტერიტორიების დათმობა არ მოუწიოთ და ამაში შეერთებული შტატები დაარწმუნონ.

მოლაპარაკებების პროცესის მთავარი საკითხი დონეცკის რეგიონში უკრაინული ძალების საკითხია.

„ჩვენი ხალხი დიდ დროს ხარჯავს, რომ როგორმე გადააფიქრებინოს ამერიკელებს გაყვანის იდეა რაიმე სახის ეკონომიკური ზონების შექმნის ან სხვა რამის სასარგებლოდ, თუმცა რაღაც მომენტში ყველაფერი მიტოვებულია და ისევ გვესმის, რომ „ჩვენ უნდა გავიდეთ“, - დასძინა წყარომ.