პრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების ცვლილების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ლეტნას პარკში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.
დემონსტრანტებმა გააპროტესტეს ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების არსებული მოდელი შეიცვლება.
კერძოდ, ცვლილების თანახმად, ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. ოპოზიციის შეფასებით, ეს საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის. ცვლილებების ფარგლებში დაფინანსების 15%-ით შემცირებაც იგეგმება, რაც, მაუწყებლების შეფასებით, საზოგადოებრივ ტელევიზიას — 2008 წლის, ხოლო რადიოს 2005 წლის ბიუჯეტის დონეზე დააბრუნებს.
მათი განცხადებით, ასეთი დაფინანსება საქმიანობის გასაგრძელებლად საკმარისი არ იქნება. კანონპროექტმა პირველი კენჭისყრა უკვე გაიარა და მასზე მსჯელობა პარლამენტში კვლავ გაგრძელდება.
თავად ბაბიშმა განაცხადა, რომ პატივს სცემს ხალხის პროტესტის უფლებას, თუმცა არ ეთანხმება დემონსტრაციის მიზეზებს და მათ სამართლიანად არ მიიჩნევს.
„დაფინანსების სისტემა იცვლება. არავის სურს საზოგადოებრივი მედიის კონტროლი, არავის სურს მითითება, თუ რა უნდა თქვან და გააკეთონ, არავის სურს მათი ნაციონალიზაცია. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ეს სისტემა უკვე მოძველდა და დღეს ევროპის ქვეყნების უმეტესობა იმავე გზით მიდის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების შემცირების გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებისას.