Loading data...
პორტუგალიაში პოლიციამ მომიტინგეების კარვები დაშალა - დაკავებულია 22 ადამიანი

20 ოქტომბრის დილით, პოლიციამ პორტუგალიის ქალაქ ლისაბონსა და პორტუში, საცხოვრებელი კრიზისის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეთა კარვები დაშალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას RTP ავრცელებს. 

როგორც მედია წერს, როდესაც პოლიცია კარვების ასაღებად მივიდა ლისაბონში, მომიტინგეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ 22 ადამიანი დააკავა.

ასევე, პორტუში პოლიციამ მომიტინგეები დაშალა, თუმცა არავინ დაუკავებიათ. დემონსტრანტებმა თავდაპირველად წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ საბოლოოდ პოლიციის ბრძანებას დაემორჩილნენ.

საპროტესტო ტალღა პორტუგალიაში ბინის ქირისა და ცხოვრების ხარჯების მკვეთრ გაძვირებას უკავშირდება. მომიტინგეები მოითხოვენ უფრო ხელმისაწვდომ საცხოვრებელ ფასებს. პორტუგალიაში საპროტესტო აქციები უკვე მეორე კვირაა მიმდინარეობს.