პოლონეთში რუსეთის ბოლო გენერალური საკონსულო დაიხურება
პოლონეთში დაიხურება რუსეთის ბოლო გენერალური საკონსულო, რომელიც ქალაქ გდანსკში მდებარეობს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ რუსეთმა პოლონეთის წინააღმდეგ დივერსიული შეტევები კი არ შეწყვიტა, არამედ გააძლიერა.
„როდესაც ჯაშუშობისა და დივერსიების მიზანი არის ადამიანთა მსხვერპლი, ეს არა მხოლოდ დივერსია, არამედ სახელმწიფო ტერორიზმია. ამიტომ ჩვენი პასუხი იქნება პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის ბოლო საკონსულოს დახურვა, რომელიც გდანსკში მდებარეობს“- განაცხადა სიკორსკიმ.
ამ განცხადების საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი საპასუხოდ პოლონეთის დიპლომატიურ-საკონსულო წარმომადგენლობას შეამცირებს. ამ დროისთვის პოლონეთის ერთადერთი გენერალური საკონსულო რუსეთის ქალაქ ირკუტსკში მდებარეობს.
სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა საკონსულოს დახურვის მიუხედავად, ვარშავაში რუსეთის საელჩო კვლავ ფუნქციონირებს.
„ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ ვგეგმავთ, ისევე როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ, რომელთა ტერიტორიაზე დივერსიული ან ტერორისტული აქტები განხორციელდა“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წინა დღეს პოლონეთის შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 15-16 ნოემბერს მომხდარი დივერსია, რომლის შედეგად ვარშავა-ლუბლინის სარკინიგზო ხაზი იყო დაზიანებული, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს. ამ რკინიგზით, მათ შორის, უკრაინაში სხვადასხვა ტვირთის მიწოდება ხდებოდა.
როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, მატარებელი სარკინიგზო კატასტროფას სასწაულებრივად გადაურჩა და რომ რუსული სპეცსამსახურების მიზანი დივერსიის მოწყობა იყო, რომელიც მსხვერპლით დასრულდებოდა.