პოლონეთში ფერმერების პროტესტი გრძელდება - ისინი ევროკავშირის მიერ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის განზრახვას აპროტესტებენ
პოლონეთში ფერმერები ევროკავშირის მიერ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის განზრახვას აპროტესტებენ.
როგორც პოლონური მედია წერს, ფერმერები დილიდან შეიკრიბნენ დიდი ავტომაგისტრალებსა და ხიდებზე. ისინი მოძრაობის სრულად ბლოკირებას არ გეგმავენ, თუმცა ავტომობილებით მაინც შეფერხებით მოძრაობენ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი დემონსტრაცია „აპოლიტიკურია“ და მიზნად ისახავს პოლონეთის სოფლის მეურნეობის დაცვას. მათივე თქმით, ერთადერთი მოთხოვნაა ევროკავშირმა უარი თქვას „მერკოსურის“ წევრ სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე.
ფერმერები აცხადებენ, რომ ამ შეთანხმების შედეგად ევროპის ბაზარზე სამხრეთ ამერიკიდან იაფი პროდუქტები შევა, რაც ადგილობრივ ფერმერებს დააზარალებს.
მანამდე მერკოსურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა საფრანგეთსა და ბრიუსელში.
ევროკავშირის ლიდერებმა დეკემბერში განიხილეს აღნიშნული შეთანხმების გაფორმების საკითხი, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოების გამო, გაფორმება იანვრამდე გადადეს.