Loading data...
პოლონეთმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის გავლენებს გამოიძიებს - ტუსკი

დონალდ ტუსკი

პოლონეთის მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი სპეციალური საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყანაში წინა წლებში რუსეთისა და ბელარუსის გავლენებს გამოიძიებს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება European Pravda ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. 

„როგორც ველოდი, [შინაგან საქმეთა] მინისტრმა სემონიაკმა მოამზადა კანონპროექტი კომისიის შექმნის შესახებ, კონსტიტუციური და ეფექტური, რომელიც გამოიძიებს რუსეთისა და ბელარუსის გავლენას პოლონეთში გასულ წლებში მომხდარ შემთხვევებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტუსკის მთავრობის წინამორბედებმა, მმართველმა პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“, ასევე შექმნეს რუსეთის გავლენის შემსწავლელი კომისია, რომელიც გააკრიტიკეს (მათ შორის ევროკავშირში), როგორც ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული. კანონი ითვალისწინებდა კომისიის შექმნას, რომელსაც 2007-2022 წლების შუალედში უნდა გაეანალიზებინა ოფიციალური დოკუმენტები, მესამე პირებისთვის ინფორმაციის გადაცემის შემთხვევები, „მავნე გადაწყვეტილებების“ მიღება და ა.შ. ტუსკის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კომისია დაიშალა.

მედიის ცნობით, პოლონეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება მოსამართლე თომას შმიდტის საქმეს, რომელიც ბელარუსშია გაქცეული. მან განაცხადა, რომ ბელარუსისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, რადგან თავისი ქვეყნის პოლიტიკას არ ეთანხმება. 

პოლონეთის ეროვნულმა პროკურატურამ უცხოური დაზვერვისთვის სავარაუდო მუშაობისთვის შმიდტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ქვეყნის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ თომას შმიდტს იმუნიტეტი მოუხსნა და მისი დაკავების ნებართვა გასცა, ამავე დროს, თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლა.