Loading data...
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ომთან შეგუება შესაძლოა, რუსეთის უდიდესი გამარჯვება გახდეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს არ უნდა შეეგუონ.

კოსინიაკ-კამიშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დაღლილობის, სირთულეებისა და ემოციების მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ნორმალურ საკითხად მივიჩნიოთ“.

„იქ ადამიანები და ბავშვები იღუპებიან. ბომბები საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოებზე ცვივა“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ომთან შეგუება „ყველაზე ცუდი და უდიდესი გამარჯვებაა ბოროტების იმპერიის, რომელიც კვლავ აღმოსავლეთიდან იყურება“.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე პოლონეთის უსაფრთხოების საკითხიც გადაწყდება.

„ვიცი, რომ დროთა განმავლობაში მგრძნობელობა მცირდება, მაგრამ სახელმწიფოს აუცილებლობას დაღლილობა, ან სასოწარკვეთა ვერ დაჩრდილავს. ეს ვალდებულებაა ვესტერპლატესა და ვესტერპლატეს მოსახლეობის, პოლონეთის არმიის ჯარისკაცების მიმართ“, - დასძინა კოსინიაკ-კამიშმა.