პოლონეთის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყანაში დასავლეთ უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ

პოლონეთის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, რუსულმა დრონებმა დაარღვიეს.
პოლონელმა სამხედროებმა ღამით ჩამოაგდეს ობიექტები, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
დროებით დახურეს ვარშავის, ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტები.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ობიექტების ჩამოგდება დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ ეს რუსული უპილოტო საფრენი აპარატები იყო.
„მიმდინარეობს ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია პოლონეთის საჰაერო საზღვრის მრავალჯერად დარღვევასთან. ობიექტების წინააღმდეგ არმიამ გამოიყენა იარაღი. მე მუდმივ კავშირში ვარ პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. ოპერატიული სარდლისგან პირდაპირ მივიღე ანგარიში“, – წერია დონალდ ტუსკის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე დასავლეთ უკრაინის მხრიდან რამდენიმე რუსული უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა.
პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ და ნატოს მოკავშირეებმა საჰაერო სივრცეში ავიაცია აამოქმედეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალები.
ამასთან, უშუალოდ რუსულ დრონებზე სამხედროებიც არ საუბრობენ.
ამჟამად, უკრაინული მონიტორინგის არხების ინფორმაციით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული უპილოტოები აღარ დარჩა, თუმცა, ისინი აგრძელებენ უკრაინის დასავლეთ რეგიონებზე თავდასხმას. ბოლო წუთებში ლვოვიდან მოდის შეტყობინებები საჰაერო თავდაცვის სისტემის ამოქმედების შესახებ.
გარდა ამისა, უპილოტოები აგრძელებენ მანევრებს კიევის რაიონში და უკრაინის სხვა ტერიტორიებზეც.