Loading data...
პოლონეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ გრენლანდიაში ჯარები არ გაგზავნეს, რათა დანიასა და აშშ-ს შორის უთანხმოება შემსუბუქდეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარცინ ბოსაცკის განცხადებით, პოლონეთის ინტერესებშია აშშ-სა და დანიას შორის კონფლიქტის შემსუბუქება და არა მისი გაღვივება, რის გამოც ვარშავამ გრენლანდიაში ჯარების გაგზავნაზე უარი თქვა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხეს, გრენლანდიაში ჯარების არ გაგზავნით პოლონეთი მხარს უჭერს თუ არა აშშ-ს და არა ევროკავშირსა და დანიას.

საპასუხოდ, ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „პოლონეთი იცავს პრინციპს, რომ საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა შეუძლებელია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მიმდებარე ტერიტორიებზეც, მათ შორის გრენლანდიაშიც“.

მან აღნიშნა, რომ „პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ დანიას მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვაში“.

„ამავდროულად, ეს პოლონეთის, ასევე მთელი ევროპის ინტერესებშია და მინდა, ამას ძალიან ნათლად გავუსვა ხაზი, რომ ეს კონფლიქტი შემსუბუქდეს - და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგალითად, კოპენჰაგენსა და ვაშინგტონს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მცდელობებს - და არა მის ესკალაციას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სჭირდება ევროპასა და პოლონეთს“, - დასძინა ბოსაცკიმ.

გრენლანდიაში ჯარების არ გაგზავნის შესახებ ასევე ისაუბრა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ცეზარი ტომჩიკმა.

მისი თქმით, თითოეულ ქვეყანას თავისი ამოცანები აქვს და პოლონეთი ასრულებს მათგან ყველაზე მნიშვნელოვანს - ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას.

„ჩვენ ნამდვილად გვაქვს საქმე და პოლონელ ჯარისკაცებსაც აქვთ საქმე“, - აღნიშნა ტომჩიკმა.

ცნობისთვის, გრენლანდიის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეტენზიების ფონზე, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, არქტიკულ კუნძულზე სადაზვერვო მისიით ჯარები გაგზავნა.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნებიდან გრენლანდიაში სამხედრო ძალების განლაგება გავლენას არ მოახდენს პრეზიდენტ ტრამპის გეგმებზე, კუნძულზე კონტროლი დაამყაროს.